იცოდით, რომ ანტიბიოტიკების გამოყენება კაცობრიობამ სულ რაღაც 80-მდე წლის წინ დაიწყო? იქამდე კი ზოგიერთი დაავადება, რომელიც დღეს ანტიბიოტიკების დახმარებით მარტივად მარცხდება, უკურნებელ სენადაც კი ითვლებოდა.
ანტიბიოტიკები მეტად მნიშვნელოვანი პრეპარატებია, რომლებიც ბაქტერიული ინფექციის მკურნალობისა და პრევენციისთვის გამოიყენება. მისი მოქმედება დამყარებულია ბაქტერიების ზრდის შეჩერებაზე ან მათ განადგურებაზე. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ანტიბიოტიკები ყოველთვის უნდა გამოვიყენოთ - ბევრ მსუბუქ ბაქტერიულ ინფექციას ორგანიზმი თავადაც მარტივად უმკლავდება.
ზოგიერთი ადამიანი ანტიბიოტიკებს ვირუსული ინფექციების დროსაც იყენებს, რაც უდიდესი შეცდომაა!
ანტიბიოტიკი მისი ფუნქციიდან გამომდინარე, მოქმედებს მხოლოდ ბაქტერიულ ინფექციაზე, ვირუსების დროს მისი გამოყენება შესაძლოა, ორგანიზმისთვის სახიფათოც კი აღმოჩნდეს. მით უფრო არ შეიძლება ანტიბიოტიკის ხანგრძლივად გამოყენება, რადგან შეიძლება, გამოიწვიოს დისბაქტრეიოზი ან სოკოვანი ინფექციები, პრობლემა შეუქმნას საჭმლის მომნელებელ სისტემას, გამოიწვიოს დიარეა, შებერილობა და ა.შ