ქლამიდიოზი, ეს არის სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია, რომელსაც ბაქტერია Chlamydia trachomatis იწვევს. საგულისხმოა, რომ ქლამიდიოზი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სქესობრივი ინფექციაა მსოფლიოში; თანაც, ხშირად თვალსაჩინო სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს — შესაბამისად, გარკვეულწილად შეუმჩნევლად ვრცელდება.
ინფექციის შესახებ უფრო ცხადი წარმოდგენა რომ შეგექმნათ, Chlamydia trachomatis-ის მოქმედების მექანიზმი განვიხილოთ. ეს უკანასკნელი პარაზიტულად ცხოვრობს ადამიანის უჯრედებში — მის გარეთ დამოუკიდებლად გამრავლება არ შეუძლია… როცა ორგანიზმი ინფიცირდება, ბაქტერია პირველ რიგში ლორწოვან გარსზე ხვდება — მაგალითად, საშვილოსნოს ყელზე, შარდსადენზე, ანუსზე, თვალზე ან ყელზე. ამ გარსის უჯრედებში შეღწევის შემდეგ კი იწყებს მოქმედებას.
ამასთან, Chlamydia trachomatis-ის განვითარების ციკლი ორ ფაზად იყოფა: ინფექციური „ელემენტარული სხეულაკი“ (elementary body – EB) და გამრავლების უნარიანი „რეტიკულარული სხეულაკი“ (reticulate body – RB). უშუალოდ ინფიცირების დროს, ელემენტარული სხეულაკი ადამიანის უჯრედში აღწევს და რეტიკულარულ სხეულაკად გარდაიქმნება — ანუ იწყება გამრავლების სტადია; ბაქტერია უჯრედის შიგნით მრავლდება და ახალ ელემენტარულ სკეულაკებს ქმნის. ხოლო გარკვეული დროის შემდეგ ეს ახალი ელემენტარული სხეულაკები უჯრედს ტოვებენ და სხვა უჯრედების ინფიცირებას იწყებენ.
ამ პროცესის დროს ორგანიზმში ჩნდება ანთებითი რეაქცია, რადგან იმუნური სისტემა ბაქტერიის განადგურებას ცდილობს. სწორედ ეს ანთება იწვევს სიმპტომებს — გამონადენს, წვას შარდვისას, ტკივილს მუცლის არეში და ა. შ. თუმცა, როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ბევრი ადამიანი საერთოდ ვერ ამჩნევს, როგორ ვითარდება ინფექცია, რადგან ბაქტერია შეიძლება დიდი ხნით „ჩუმად“ არსებობდეს.
საგულისხმოა, რომ თუ ქლამიდიოზი დროულად არ განიკურნა, ანთება ქრონიკულ დაზიანებაში გადაიზრდება — განსაკუთრებით საშვილოსნოს მილებში, რაც ხელს უშლის ოვულაციასა და ნორმალურ რეპროდუქციულ პროცესს. თანაც, Chlamydia trachomatis ცდილობს, ორგანიზმის თავდაცვა აირიდოს; სხვა სიტყვებით, თავს იცავს იმუნური სისტემისგან, რადგან უჯრედის შიგნით იმალება — ეს კი ანტიბიოტიკებით მკურნალობას ართულებს, თუ დროულად არ მოხდა დიაგნოსტირება.
როგორ ხდება ქლამიდიოზის დიაგნოსტიკა?
დიაგნოსტიკის პროცესი რამდენიმე ეტაპისგან შედგება და დამოკიდებულია პაციენტის სქესზე, სიმპტომების არსებობასა და სხვა თანმდევ ფაქტორებზე.
პირველ რიგში, დიაგნოსტიკის საფუძველია ექიმთან ვიზიტი. თერაპევტი, გინეკოლოგი ან უროლოგი აგროვებს ინფორმაციას პაციენტის სიმპტომების, სქესობრივი ცხოვრების დეტალებისა თუ შესაძლო რისკების შესახებ.
შემდეგი ეტაპია ლაბორატორიული გამოკვლევები. დღეს ქლამიდიოზის დასადგენად ყველაზე ზუსტ მეთოდად ითვლება PCR ტესტი (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია), რომელიც მაღალი სიზუსტის პასუხს იძლევა. ამ ტესტის ჩასატარებლად საჭიროა ბიოლოგიური მასალა — ქალებში საშვილოსნოს ყელის ან საშოს ნაცხი, მამაკაცებში კი შარდსაწვეთის ნაცხი ან შარდი. ასევე, შესაძლებელია ყელის ან უკანა ტანის ნაცხის გამოკვლევაც, თუ ინფექციის გადაცემა სწორედ ამ გზით მოხდა.
PCR ტესტთან ერთად, ხშირად მიმართავენ სხვა მეთოდებსაც — მათ შორისაა იმუნოენზიმური ანალიზი (ELISA), რომელიც ორგანიზმში ქლამიდიის საწინააღმდეგო ანტისხეულების არსებობას განსაზღვრავს. თუმცა ანტისხეულები ინფექციის ძველ ფორმაზეც შეიძლება მიუთითებდეს და არა აქტიურ ფაზაზე, ამიტომ მხოლოდ ამ მეთოდით დიაგნოზის დასმა არ არის საკმარისი.
ზოგჯერ, განსაკუთრებით ქალებში, შეიძლება საჭირო გახდეს გინეკოლოგიური გამოკვლევა და ულტრაბგერითი კვლევაც, რათა განისაზღვროს, მოიცვა თუ არა ინფექციამ საშვილოსნო ან საკვერცხეები.
ამასთან, გაითვალისწინეთ, დიაგნოზის დასმამდე მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა თავი შეიკავოს სქესობრივი კონტაქტისგან და არ გამოიყენოს ანტიბიოტიკები თვითნებურად, რადგან ამან შეიძლება ტესტის სიზუსტეზე იმოქმედოს და დაავადება „დაფაროს“.
თავის მხრივ, ქლამიდიოზის მკურნალობა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დიაგნოზს დროულად დასვამენ. ამიტომაც, რეკომენდებულია რეგულარული შემოწმება სქესობრივად აქტიური ადამიანებისთვის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც დამცავ საშუალებებს არ იყენებს.
ქლამიდიოზის გართულებები
როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ქლამიდიოზი ხშირად უსიმპტომოდ კი მიმდინარეობს, მაგრამ უყურადღებობის შემთხვევაში, შეიძლება გართულებებამდე მიგვიყვანოს.
გართულებები ქალებში
ქალებში ქლამიდიოზმა შეიძლება გამოიწვიოს საშვილოსნოსა და საკვერცხეების ინფექცია, რაც ცნობილია, როგორც მენჯის ანთებითი დაავადება (PID). გარდა იმისა, რომ აღნიშნული დაავადება საკმაოდ მტკივნეულია, მას უნაყოფობის, საკვერცხის მილის დახშობა და საშვილოსნოსგარე ორსულობის გამოწვევა შეუძლია. თანაც, PID-ის მსუბუქმა ფორმამაც კი შეიძლება საგანგაშოდ დააზიანოს რეპროდუქციული ორგანოები.
ასევე, ხშირია ქრონიკული ტკივილი მენჯის არეში და საშვილოსნოს ყელის ლორწოვანის დაზიანება, რაც ზრდის სხვა ინფექციების, მათ შორის HIV-ის, მიმართ მგრძნობელობას.
ხოლო თუ ქლამიდიოზით დაავადებული ქალი ორსულადაა და არ მკურნალობს, არსებობს ნაყოფის ინფიცირების საშიშროებაც. ქლამიდიოზი ასევე ზრდის ნაადრევი მშობიარობის ან ორსულობის შეწყვეტის რისკს.
გართულებები მამაკაცებში
მამაკაცებში ქლამიდიოზი იწვევს შარდსაწვეთის ანთებას, რომელიც შეიძლება სათესლე არხებზეც გავრცელდეს და გამოიწვიოს სათესლე ბუშტუკებისა თუ სათესლე მილაკების ინფექცია (ეპიდიდიმიტი). გარდა ტკივილისა, უყურადღებობის შემთხვევაში, შესაძლებელია უნაყოფობის გამოწვევაც.
ქლამიდიოზის მკურნალობის მეთოდები
ჩვეულებრივ, ქლამიდიოზი წარმატებით იკურნება ანტიბიოტიკებით. ყველაზე ხშირად აზიტრომიცინი ან დოქსიციკლინი გამოიყენება. მათი შერჩევა დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე, ალერგიებზე, ორსულობაზე და ზოგად კლინიკურ სურათზე. ორივე პრეპარატი მოქმედებს უშუალოდ ქლამიდიის გამომწვევ ბაქტერიაზე — Chlamydia trachomatis-ზე.
როგორ მუშაობს აზიტრომიცინი?
აზიტრომიცინი მაკროლიდების ჯგუფს განეკუთვნება. ის ბლოკავს ბაქტერიების ცილოვანი სინთეზის პროცესს — ანუ ხელს უშლის მნიშვნელოვან ცილათა წარმოქმნას, რომლებიც აუცილებელია ბაქტერიის ზრდისა და გამრავლებისთვის. ამასთან, აზიტრომიცინი არ ანადგურებს ბაქტერიას მექანიკურად, არამედ ახშობს მის გამრავლებას, რის შემდეგაც ბაქტერიები თანდათან იღუპებიან.
ამ ანტიბიოტიკს აქვს უნარი, დიდი ხნით დარჩეს ქსოვილებში — რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი დოზის მიღებასაც კი ხანგრძლივი მოქმედების ეფექტი გააჩნია.
როგორ მუშაობს დოქსიციკლინი?
დოქსიციკლინი ტეტრაციკლინის ჯგუფს განეკუთვნება და ისიც ცილოვანი სინთეზის ბლოკატორია, თუმცა განსხვავებული მექანიზმით. იგი ბაქტერიის შიდა რიბოსომებზე (ცილის საწარმოებელ სტრუქტურებზე) მოქმედებს და უშუალოდ აჩერებს ცილის წარმოებას, რის შედეგადაც ბაქტერია ვერ იზრდება, ვერ მრავლდება და საბოლოოდ კვდება.
დოქსიციკლინი ხშირად მიიჩნევა ქლამიდიოზის მიმართ უფრო ძლიერ და საფუძვლიან საშუალებად, განსაკუთრებით მაშინ, როცა ინფექცია მენჯის ღრუს სხვა ნაწილებზეც ვრცელდება (მაგალითად, მენჯის ანთებითი დაავადების შემთხვევაში ქალებში).
პროვაგი, როგორც დამხმარე საშუალება
ქლამიდიოზის მკურნალობისას დანიშნული ანტიბიოტიკები, მიუხედავად იმისა, რომ კლავს პათოგენურ ბაქტერიებს, ხშირად აზიანებს სასარგებლო ბაქტერიებსაც, როგორიცაა ლაქტობაცილები. ბუნებრივია, ეს იწვევს ვაგინალურ დისბაქტერიოზს, რასაც ხანდახან თან ახლავს გამონადენი, ქავილი ან ვაგინალური დისკომფორტი. სწორედ ამ დროს ჩნდება პროვაგის საჭიროება, როგორც ბუნებრივი ბალანსის აღმდგენის.
პროვაგი, ეს არის პერორალური პრობიოტიკი, რომელიც ვაგინალური მიკროფლორის ბალანსის აღსადგენად და შესანარჩუნებლად გამოიყენება. მისი უნიკალური ფორმულა ეფექტურად აწესრიგებს მიკროფლორას, ამცირებს დისკომფორტს და ქალის ორგანიზმის ზოგად სიჯანსაღესაც უწყობს ხელს.
ზოგადად, ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ ხშირია ისეთი მეორადი გართულებები, როგორიცაა სოკოვანი ინფექცია. პროვაგი კი ხელს უწყობს ნორმალური მჟავატუტე გარემოს შენარჩუნებას და ასე იცავს მიკროფლორას.
პროვაგი შეიცავს სპეციალურად შერჩეულ ლაქტობაცილების შტამებს, რომლებიც მდგრადია კუჭის მჟავე გარემოს მიმართ და ეფექტურად აღწევს ნაწლავებში. ხოლო ნაწლავებიდან ვაგინალურ მიკროფლორაში გადადის და მომენტალურად იწყებს ბალანსის აღდგენას. ამავდროულად, ხელს უშლის პათოგენური ბაქტერიებისა და სოკოების ზრდას.
გაითვალისწინეთ, პროვაგი არ ანაცვლებს ქლამიდიოზის სამკურნალო ანტიბიოტიკებს და არ მოქმედებს უშუალოდ ინფექციის გამომწვევზე — Chlamydia trachomatis-ზე. ის მხოლოდ ეხმარება ორგანიზმს მკურნალობის პროცესში და მის შემდეგ სწრაფად აღდგენაში.
ორსულობის დროს პრეპარატების შერჩევა განსაკუთრებული სიფრთხილით ხდება. აზიტრომიცინი ითვლება უსაფრთხო ვარიანტად ორსულებისთვის. მკურნალობა ყოველთვის უნდა დაინიშნოს ექიმის მიერ, ინდივიდუალურად, პაციენტის მდგომარეობისა და თანმდევი ფაქტორების გათვალისწინებით.
მკურნალობის პერიოდში რეკომენდებულია სქესობრივი კავშირისგან თავის შეკავება, სანამ ინფექცია სრულად არ განიკურნება — როგორც პაციენტში, ასევე მის პარტნიორში. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა ინფექციის ხელახლა გავრცელება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ორივე პარტნიორის ერთდროული მკურნალობა.
მკურნალობის შემდეგ ხშირად ტარდება განმეორებითი ტესტი, რათა დადგინდეს, რომ ინფექცია სრულად მოხსნილია. ასევე სასურველია შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში პაციენტი ყურადღებით აკონტროლოს საკუთარ ჯანმრთელობას და შეამციროს რისკები სქესობრივი გზით გადამდები სხვა ინფექციების მიმართ.