Blog Single

ცისტიტი შარდის ბუშტის ანთებაა, რომელიც ხშირად ბაქტერიული ინფექციის შედეგად ვითარდება; ყველაზე გავრცელებულ გამომწვევ მიზეზს კი ნაწლავური ჩხირის ტიპის ბაქტერია წარმოადგენს, სახელწოდებით Escherichia coli. ეს უკანასკნელი შეიძლება შარდსადენში შემთხვევით მოხვდეს და სწრაფად გავრცელდეს შარდის ბუშტში. აქვე საგულისხმოა, რომ ცისტიტი განსაკუთრებით ხშირად გვხვდება ქალებში, რაც ანატომიურ თავისებურებებთანაა დაკავშირებული — მათ მოკლე შარდსადენი აქვთ, რაც ბაქტერიების ბუშტამდე მიღწევას უფრო ამარტივებს.

პროცესი უფრო ცხადად რომ წარმოვიდგინოთ, ცისტიტის განვითარება ბაქტერიების შარდსადენში მოხვედრით იწყება. ამას კი რამდენიმე ფაქტორი უძღვის წინ — იქნება ეს არასწორი ჰიგიენა, შარდის შეკავება ხანგრძლივი დროით, სქესობრივი კავშირი, ჰორმონული დისბალანსი თუ იმუნური სისტემის დასუსტება. ხოლო როგორც კი ბაქტერიები შარდის ბუშტში აღწევს და მრავლდება, იწყება ლორწოვანი გარსის გაღიზიანება. სწორედ აქ ჩნდება პირველი სიმპტომები: ხშირი და მტკივნეული შარდვა, წვა შარდვის დროს, ტკივილი ან წვა ქვედა მუცლის არეში და ზოგჯერ დაბალი ტემპერატურაც. ასევე, შარდი შეიძლება გახდეს შემღვრეული, უსიამოვნო სუნის მქონე ან სისხლნარევი იყოს.

ბუნებრივია, თუ ცისტიტის მკურნალობა დროულად არ ჩატარდა, ორგანიზმი ანთებაზე უფრო მძაფრ რეაგირებას იწყებს, რაც სიმპტომების გაძლიერებაზე აისახება. კერძოდ, შარდვა შეიძლება გახდეს უფრო მტკივნეული, გაძლიერდეს მუცლის ტკივილი, მოიმატოს ტემპერატურამ და ზოგადი დაღლილობის შეგრძნებაც გაჩნდეს. ასეთ პირობებში მოსალოდნელია, რომ ინფექცია შარდსასქესო გზების ზემოთ მდებარე ნაწილში გადაინაცვლებს — ანუ თირკმელებში… ეს კი განსაკუთრებით სახიფათოა და დაუყოვნებლივ მკურნალობას საჭიროებს.

ცისტიტის ტიპები

ცისტიტი ტიპების მიხედვით განსხვავდება და თითოეულს წარმოშობის განსხვავებული მიზეზი, მიმდინარეობა თუ მკურნალობის გზა გააჩნია. შესაბამისად, მისი კლასიფიკაცია სწორი დიაგნოზის დასმასა და მკურნალობის მეთოდის განსაზღვრას უწყობს ხელს 

ზემოხსენებული ბაქტერიული ცისტიტი ყველაზე გავრცელებულ ფორმას წარმოადგენს და ხშირად უკავშირდება ცუდ ჰიგიენას, დაუცველ სქესობრივ კავშირს ან იმუნიტეტის დაქვეითებას.

ხოლო არაინფექციური ცისტიტი ვითარდება მაშინ, როცა შარდის ბუშტში ანთება ბაქტერიებით არ არის გამოწვეული. მისი წარმოქმნის მიზეზი შეიძლება იყოს ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედება (მაგალითად, დაბალი ხარისხის ინტიმური ჰიგიენის საშუალებები), მედიკამენტები, ან შარდის ბუშტზე მოქმედი მექანიკური ანთებითი ფაქტორები. ამ ტიპის ცისტიტი ხშირად აღიქმება ბაქტერიულივით, თუმცა ანალიზში ინფექცია არ იკვეთება.

ინტერსტიციური ცისტიტი, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ქრონიკული შარდის ბუშტის ტკივილის სინდრომი, იდიოპათიური წარმოშობის მდგომარეობაა — ანუ ზუსტი გამომწვევი უცნობია. ეს ფორმა იწვევს მუდმივ ან პერიოდულ დისკომფორტს შარდის ბუშტის არეში, ხშირ შარდვას და ძლიერ ტკივილს შარდვის დროს, მაგრამ ანალიზებში არ ჩანს ბაქტერიები. მისი მკურნალობა რთულია და მოითხოვს ინდივიდუალურად შერჩეულ სტრატეგიას.

ქიმიური ცისტიტი ჩნდება მაშინ, როდესაც შარდის ბუშტი რეაგირებს ისეთ ნივთიერებაზე, რომელიც მას აღიზიანებს. ეს შეიძლება იყოს ანტიბიოტიკი, ქიმიოთერაპიული პრეპარატი ან შარდში არსებული მკვეთრი ქიმიური ნაერთები, რომლებიც ლორწოვანს აზიანებს.

მრავლობითი ცისტიტი ვლინდება განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებსაც ხშირად ემართებათ შარდსასქესო ინფექციები. მას ახასიათებს განმეორებითი ხასიათი, რაც ნიშნავს, რომ ცისტიტი შესაძლოა რამდენიმე კვირაში ან თვეში ერთხელ მეორდებოდეს. ეს ტიპი ხშირად მოითხოვს შარდსასქესო სისტემის სიღრმისეულ გამოკვლევას და პროფილაქტიკურ ან ხანგრძლივ ანტიბიოტიკოთერაპიას.

რადიაციული ცისტიტი ვითარდება მაშინ, როცა შარდის ბუშტი ექვემდებარება რადიაციულ ზემოქმედებას — მაგალითად, სიმსივნეების სამკურნალო თერაპიისას. ამ ტიპს თან ახლავს ანთება, ტკივილი, სისხლნარევი შარდი და ხშირად რთულად განკურნებადი მდგომარეობაა.

ჰემორაგიული ცისტიტი ხასიათდება შარდში სისხლის გამოჩენით. მისი მიზეზი შეიძლება იყოს ძლიერი ბაქტერიული ინფექცია, რადიაციული მკურნალობა, ზოგიერთი მედიკამენტი (მაგალითად, ციკლოფოსფამიდი), ან ვირუსული ინფექცია. ეს ფორმა სერიოზულ ყურადღებას მოითხოვს, რადგან შეიძლება ძლიერი სისხლდენა და ბუშტის ლორწოვანის დაზიანება გამოიწვიოს.

ხოლო პოსტკოიტალური ცისტიტი არის ცისტიტის ტიპი, რომელიც ვითარდება სქესობრივი აქტის შემდეგ. ის განსაკუთრებით ხშირად აღენიშნებათ ახალგაზრდა ქალებს და მისი პრევენცია დაკავშირებულია ჰიგიენის შენარჩუნებასა თუ პროფილაქტიკურ ანტიბიოტიკოთერაპიასთან.

ცისტიტი მამაკაცებში

აღსანიშნავია, რომ მამაკაცებში ცისტიტი შედარებით იშვიათად ვითარდება, თუმცა დაავადების შემთხვევაში, სერიოზულ პრობლემებთანაა დაკავშირებული. ვინაიდან, კაცების შარდსადენი მილი უფრო გრძელია, ბაქტერიები შედარებით რთულად აღწევს შარდის ბუშტამდე. ამიტომაც, აქ ცისტიტი უკვე არსებული ინფექციის ან ანატომიური ან ფუნქციური პრობლემის შედეგად ჩნდება.

იმ შემთხვევაში, თუ მამაკაცს წინამდებარე ჯირვკლის გადიდება (პროსტატა), შარდის შეკავების პრობლემები ან შარდის გამოყოფის პრობლემები აღენიშნება, ბაქტერიები ადვილად ვრცელდება შარდსადენიდან შარდის ბუშტამდე. ამგვარი პირობები მეტისმეტად ხელსაყრელ გარემოს ქმნის ინფექციების განსავითარებლად. 

ამასთან, მამაკაცებში ცისტიტის სიმპტომები ხშირად მოიცავს ხშირ და გართულებულ შარდვას, ტკივილს ან წვას შარდვის დროს, გახშირებულ შარდვას, ტკივილს პენისის თუ საზარდულის მიდამოში; შესაძლოა, სისხლნარევი შარდის არსებობაც. ასევე; ზოგჯერ პაციენტს აღენიშნება დაბალი სიცხე, დაღლილობა და საერთო სისუსტე.

ზოგადად, მამაკაცებში ცისტიტის დროს განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო, რადგან ინფექცია შეიძლება გავრცელდეს პროსტატაზე და გამოიწვიოს პროსტატიტი; ან თირკმელებზე — და გახდეს პიელონეფრიტის გამომწვევი. ასეთ შემთხვევაში სიმპტომები მძიმდება: ტემპერატურა იმატებს, თავს იჩენს ტკივილი წელის არეში, უჩვეულო დაღლილობა და ზოგადი სისუსტე.

როგორ ხდება ცისტიტის დიაგნოსტიკა?

ჩვეულებრივ, ცისტიტის დიაგნოსტიკა იწყება პაციენტის სიმპტომების შეფასებით. ექიმი ყურადღებას ამახვილებს ისეთ ნიშნებზე, როგორებიცაა ხშირი შარდვა, წვა შარდვის დროს, ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში, ღამით გაძლიერებული შარდვის სურვილი და ცვლილებები შარდში — შემღვრევა, არასასიამოვნო სუნი ან სისხლის კვალი. თუმცა კლინიკური სიმპტომები საკმარისი არ არის ზუსტი დიაგნოზის დასასმელად და საჭიროა დამატებითი ლაბორატორიული გამოკვლევები.

შარდის ზოგადი ანალიზი ერთ-ერთი პირველი და აუცილებელი კვლევაა ცისტიტის დასადასტურებლად. ის აჩვენებს, არის თუ არა შარდში ლეიკოციტები, ერითროციტები ან ბაქტერიები, რაც ინფექციაზე მიუთითებს. ლეიკოციტების მომატება მიანიშნებს ანთებით პროცესზე, ხოლო ერითროციტების არსებობა — სისხლის მოხვედრაზე შარდში, რაც ზოგჯერ თან ახლავს ცისტიტს.

შარდის ბაქტერიოლოგიური ანალიზი გამოიყენება ინფექციის გამომწვევი ბაქტერიის განსასაზღვრად. ამ გზით დგინდება, კონკრეტულად რომელი მიკროორგანიზმია პასუხისმგებელი ინფექციაზე და რომელ ანტიბიოტიკზეა მგრძნობიარე, რაც საშუალებას აძლევს ექიმს, შეარჩიოს მიზნობრივი და ეფექტიანი მკურნალობა.

ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა სისხლის ანალიზიც, განსაკუთრებით მაშინ, როცა ცისტიტს თან ახლავს ტემპერატურა ან ეჭვია ინფექციის გავრცელებაზე. სისხლის საერთო ანალიზმა შეიძლება აჩვენოს ანთების ნიშნები, როგორებიცაა ლეიკოციტოზი ან სიჩქარის მომატება (CRP, ESR).

იმ შემთხვევაში, თუ ცისტიტი ხშირად მეორდება ან მკურნალობას არ ექვემდებარება, გამოიყენება ინსტრუმენტული გამოკვლევებიც. ულტრაბგერითი კვლევა შარდის ბუშტისა და თირკმელების მდგომარეობის შესაფასებლად, ექიმს ეხმარება, გამორიცხოს კენჭები, ანატომიური ცვლილებები ან სხვა პათოლოგიები, რომლებიც ხელს უწყობს ინფექციის განმეორებას.

ხოლო ცისტოსკოპია ტარდება იშვიათ შემთხვევებში, როცა საჭიროა შარდის ბუშტის შიგნითა მხარის პირდაპირი დათვალიერება. ეს ინვაზიური პროცედურაა და მაშინ იყენებენ, როცა არსებობს ეჭვი სიმსივნურ ცვლილებაზე ან ინტერსტიციურ ცისტიტზე. 

ცისტიტის მკურნალობის გზები

რა თქმა უნდა, ცისტიტის მკურნალობა დამოკიდებულია მის გამომწვევ მიზეზსა და ფორმაზე, თუმცა საერთო მიდგომა მიზნად ისახავს ანთების შემცირებას, ინფექციის ჩახშობასა და სიმპტომების შემსუბუქებას. მკურნალობის გეგმა უნდა შეადგინოს ექიმმა, გამომდინარე პაციენტის ასაკის, მდგომარეობის სიმძიმისა და თანმხლები დაავადებებისგან.

ყველაზე ხშირად ცისტიტის მკურნალობა მოითხოვს ანტიბიოტიკოთერაპიას. თუ შარდის ანალიზი და ბაქტერიოლოგიური კვლევა ადასტურებს ბაქტერიულ ინფექციას, ინიშნება ანტიბიოტიკები, რომლებიც კონკრეტულ ბაქტერიაზე მოქმედებს. ხშირად ნიშნავენ ისეთ პრეპარატებს, როგორებიცაა ნიტროფურანტოინი, ტრიმეთოპრიმი-სულფამეტოქსაზოლი ან ფოსფომიცინი. ზოგიერთ შემთხვევაში საკმარისია ერთი ან ორდღიანი მკურნალობა, მაგრამ უფრო რთულ ან განმეორებით ფორმებში აუცილებელია სრული კურსის ჩატარება — 5-დან 10 დღემდე.

თუ ცისტიტი დაკავშირებულია რეციდივებთან ან რთული მიმდინარეობისაა, შესაძლოა ექიმმა დანიშნოს ხანგრძლივი ანტიბიოტიკოთერაპია, პროფილაქტიკური მკურნალობა მცირე დოზებით ან დამატებითი ანალიზები, რათა გამოიკვეთოს ინფექციის ძირითადი წყარო.

არაინფექციური ცისტიტის დროს, როდესაც ანალიზებში ბაქტერიები არ ფიქსირდება, ანტიბიოტიკები ეფექტური არ არის. ასეთ შემთხვევაში მკურნალობა ეფუძნება ანთების შემამცირებელ საშუალებებს. ინტერსტიციური ცისტიტის დროს კი შეიძლება გამოყენებულ იქნას სპეციალური პრეპარატები, რომლებიც იცავენ შარდის ბუშტის ლორწოვან გარსს და ამცირებენ ტკივილს.

მკურნალობის პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს სითხის უხვად მიღებას — ეს ორგანიზმს ეხმარება, ბაქტერიები შარდის მეშვეობით გამოდევნოს. კერძოდ, რეკომენდებულია არანაკლებ 2 ლიტრი სითხის მიღება დღეში. ამავე დროს უნდა შემცირდეს ყავის და ალკოჰოლის მიღება.

ცისტიტის მართვის დროს შესაძლებელია პრობიოტიკების დანიშვნაც, განსაკუთრებით მაშინ, როცა პაციენტს ანტიბიოტიკების გამოყენების ფონზე შარდსასქესო ფლორის ბალანსი ირღვევა. ასეთ პრობიოტიკებს შორისაა პროვაგი, რომელიც შეიცავს ვაგინალურ ლაქტობაცილებს — ბუნებრივად არსებულ კარგ ბაქტერიებს და ასე იცავს შარდსასქესო ტრაქტს პათოგენებისგან. ვინაიდან ფლორის ბუნებრივის ბალანსის დარღვევა ხელსაყრელ გარემოს ქმნის ბაქტერიების გასამრავლებლად, პროვაგის გამოყენება მნიშვნელოვანია — მცირდება ანთების რისკი და პაციენტს ცისტიტის რეციდივისგან იცავს. 

ასევე, უნდა აღინიშნოს პრეპარატი პროიმუნოლაიფი — იმუნომოდულატორი, ბეტა-გლუკანების, ვიტამინ C-ს, თუთიისა და სხვა ისეთი ნივთიერებების შემცველობით, რომლებიც საგრძნობლად აძლიერებს იმუნურ პასუხს. ცისტიტის დროს ორგანიზმს ძლიერი თავდაცვა სჭირდება ბაქტერიების მოსასპობად და ანთების შესამცირებლად. იმუნური სისტემის გაძლიერება კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განმეორებითი ან ქრონიკული ცისტიტის შემთხვევაში. ხოლო პროიმუნოლაიფი ორგანიზმს ეხმარება, უფრო ეფექტიანად გაუმკლავდეს ინფექციას; ასევე, ამცირებს გართულებების შანსს.


სხვა სტატიები