შაკიკი საკმაოდ გავრცელებული ნევროლოგიური დაავადებაა, რომელიც ძლიერი, მფეთქავი თავის ტკივილის შეტევებით ხასიათდება. ტკივილი, როგორც წესი, თავის ერთ მხარეს ლოკალიზდება, თუმცა შესაძლოა, ორივე მხარესაც იგრძნობოდეს. ტკივილი შეიძლება გაძლიერდეს რუტინული ფიზიკური აქტივობის, მაგალითად, სიარულის დროს. მას ხშირად თან ახლავს გულისრევა, ღებინება, მომატებული მგრძნობელობა სინათლისა და ხმაურის, იშვიათად სუნის მიმართ, ხშირ შემთხვევაში გენეტიკურია და ქალები კაცებთან შედარებით უფრო ხშირად ავადდებიან.
საგულისხმოა, რომ შაკიკისთვის დამახასიათებელ სიმპტომებზე ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტურ და ბერძნულ სამედიცინო ტექსტებში წერდნენ. მაგალითად, ძველი ბერძენი ექიმი არეტეუსი კაპადოკიიდან, რომელიც II საუკუნეში ცხოვრობდა, დეტალურად აღწერდა შაკიკის სიმპტომებსა თავის ნაშრომებში. ასევე, ძველ რომაულ სამედიცინო ტექსტებშიც გვხვდება შაკიკის მსგავსი თავის ტკივილის აღწერილობები.
თუმცა შაკიკის, როგორც განსხვავებული ნევროლოგიური დაავადების, თანამედროვე გაგება თანდათანობით ჩამოყალიბდა XIX და XX საუკუნეებში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო XIX საუკუნის მეორე ნახევარი, როდესაც ნევროლოგიის, როგორც მეცნიერების, განვითარებამ ხელი შეუწყო შაკიკის კლასიფიკაციას და მის კავშირს ნერვულ სისტემასთან. XX საუკუნის განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო ათწლეულებში, ნეიროვიზუალიზაციის ტექნოლოგიების განვითარებამ და მოლეკულურმა კვლევებმა კი მნიშვნელოვნად გააფართოვა ჩვენი ცოდნა შაკიკის მექანიზმების შესახებ.
რა სიმპტომები ახასიათებს შაკიკს?
შაკიკს მკვეთრად გამოხატული სიმპტომები აქვს და ჩვეულებრივი თავის ტკივილისგან განსხვავდება:
მფეთქავი, ინტენსიური ტკივილი თავის არეში — ეს შაკიკის ყველაზე გავრცელებული სიმპტომია და ხშირად აღწერილია, როგორც მოპულსირე ტკივილი. შესაძლოა, მისი ინტენსივობა მსუბუქიდან ძლიერამდე შეიცვალოს. ჩვეულებრივ, ტკივილის ეს შეგრძნება თავის ერთ მხარესაა ლოკალიზებული, მაგრამ შეიძლება ორივე მხარეს გავრცელდეს.
ღებინება ან გულისრევის შეგრძნება — თავის ძლიერ ტკივილს ხშირად თან ახლავს გულისრევის შეგრძნება ან ღებინება.
მომატებული მგრძნობელობა სინათლის, ხმისა და სუნის მიმართ (ფოტოფობია, ფონოფობია, ოსმოფობია) — შაკიკის დროს მკვეთრი შუქი, ხმამაღალი ხმები ან მძაფრი სუნი გაუსაძლისი ასატანი ხდება, რაც კიდევ უფრო აძლიერებს დისკომფორტს.
აურა — ეს არის ნევროლოგიური სიმპტომების ერთობლიობა, რომელიც შეიძლება მოიცავდეს: მხედველობის დარღვევებს (მოციმციმე შუქები, ზიგზაგისებრი ხაზები, მხედველობის დაკარგვა); სენსორულ დარღვევებს (ჩხვლეტისა და დაბუჟების შეგრძნება); მეტყველების პრობლემებსა და მოტორულ დარღვევებს. ზოგიერთ ადამიანს შაკიკის დაწყებამდე ან მის დროს სწორედ აურა აღენიშნება.
გარდა ამ ძირითადი სიმპტომებისა, შაკიკს თან ახლავს დაღლილობისა და გაღიზიანების შეგრძნება, ასევე კონცენტრაციის გაძნელება.
შაკიკის ტიპები
შაკიკის კლასიფიკაცია რამდენიმე მახასიათებლით ხდება და ყველაზე გავრცელებულ სახეობებს შორისაა:
- ჩვეულებრივი შაკიკი — ეს არის შაკიკის ყველაზე გავრცელებული ტიპი.
მას ახასიათებს პერიოდული, ზომიერი ან ძლიერი მფეთქავი თავის ტკივილი, რომელიც გრძელდება რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე.
შესაძლოა, შეტევას თან ახლდეს გულისრევა, მგრძნობელობა სინათლის, ხმისა და სუნის მიმართ.
- შაკიკი აურით — იგივე კლასიკური შაკიკი, ხასიათდება ნევროლოგიური სიმპტომების გამოვლინებით, რომლებიც თავის ტკივილის დაწყებამდე ან მის დროს ვლინდება. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, აურა შეიძლება მოიცავდეს მხედველობის დარღვევებს (ციმციმა შუქები, ზიგზაგისებრი ხაზები ან მხედველობის დაკარგვა); ასევე, სენსორულ დარღვევებს, მაგალითად, ჩხვლეტას ან დაბუჟებას, მეტყველების პრობლემებს და იშვიათად მოტორულ დარღვევებს. აურა, როგორც წესი, გრძელდება 5-დან 60 წუთამდე და შემდეგ იწყება თავის ტკივილი.
- ბაზილარული შაკიკი — ეს იშვიათი ტიპია და ახასიათებს აურა, რომელიც ტვინის ღეროში წარმოიქმნება. მისი სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს თავბრუსხვევას, მეტყველების გაძნელებას, მხედველობის დარღვევებს ორივე თვალში, სმენის დარღვევებსა და კიდურების დაბუჟებას ან სისუსტეს. ბაზილარული შაკიკის დიაგნოსტირება შეიძლება რთული იყოს, რადგან მისი სიმპტომები სხვა ნევროლოგიურ დაავადებებსაც ჰგავს.
- მენსტრუალური შაკიკი — შაკიკის ეს ტიპი ქალებში გვხვდება და დაკავშირებულია ჰორმონალურ ცვლილებებთან, რომლებიც მენსტრუალური ციკლის დროს ხდება. მენსტრუალური შაკიკის შეტევები, როგორც წესი, ციკლის დაწყებამდე ან მის დროს ხდება. სიმპტომებს შეიძლება უფრო ინტენსიური და ხანგრძლივი ხასიათი ჰქონდეს… მენსტრუალური შაკიკის მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს ჰორმონალურ თერაპიას ან სპეციალურ მედიკამენტებს.
- ჰემიპლეგიური შაკიკი — ის შაკიკის იშვიათი, მაგრამ სერიოზული ტიპია, რომელიც გამოირჩევა თავისებური ნევროლოგიური სიმპტომებით. ამ დროს ადამიანს სხეულის ერთ ნახევარში კუნთების დროებითი სისუსტე ან პარალიზება აღენიშნება — შესაძლოა, მსუბუქი ან ძლიერი ხასიათის იყოს და იმოქმედოს სახეზე, მკლავსა თუ ფეხზე. სიმპტომები, როგორც წესი, გრძელდება რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე, მაგრამ იშვიათ შემთხვევებში შეიძლება უფრო დიდხანს გაგრძელდეს.
ამასთან, ჰემიპლეგიური შაკიკი ხშირად იწყება აურით, რომელიც შეიძლება მოიცავდეს მხედველობის დარღვევებს, სენსორულ დარღვევებს და მეტყველების პრობლემებს.
- ბადურის შაკიკი (რეტინული შაკიკი) — მოიცავს მხედველობის დროებით დარღვევებს ერთ თვალში. ეს დარღვევები შეიძლება მოიცავდეს მხედველობის დროებით დაკარგვას ერთ თვალში, ციმციმა შუქებს ან სხვა ვიზუალურ აურას ერთ თვალში, ასევე მხედველობის დაბინდვას ან გაუფერულებას. ხშირად, მაგრამ არა ყოველთვის, ბადურის შაკიკს თან ახლავს ინტენსიური და მფეთქავი თავის ტკივილი,
- ვესტიბულური შაკიკი — ის ძირითადად ვესტიბულურ სისტემას, ანუ წონასწორობის სისტემას აზიანებს. შესაბამისად, ამ ტიპის შაკიკს ახასიათებს არა მხოლოდ თავის ტკივილი, არამედ წონასწორობის დარღვევაც. შესაბამისად, ვლინდება თავბრუსხვევით, ღებინებით, მგრძნობელობით სინათლისა და ხმის მიმართ, წონასწორობის დაკარგვითა და მხედველობის დარღვევებით.
შაკიკთან გამკლავების გზები
სამწუხაროდ, შაკიკი სრულად არ იკურნება, ვინაიდან ქრონიკულ ნევროლოგიურ დაავადებას წარმოადგენს. თუმცა თანამედროვე მედიცინაში ბევრი ეფექტური მეთოდი არსებობს, რომელთა მეშვეობითაც შაკიკის ტკივილის შემცირება და მოხსნა შეიძლება; ასევე, შესაძლებელია შაკიკის პრევენცია.
აქ კი რამდენიმე მეთოდს გაგიზიარებთ:
ცხოვრების წესის შეცვლა — ეცადეთ, თავიდან აირიდოთ შაკიკის გამომწვევი ფაქტორები, იქნება ეს სტრესი თუ უძილობა. ასევე, ივარჯიშეთ რეგულარულად, რადგან ფიზიკური აქტივობა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ორგანიზმის ზოგად მდგომარეობას. კარგი იქნება, თუ ყოველდღიურობაში მიმართავს იოგას ან მედიტაციის რაიმე ფორმას;
მედიკამენტური მკურნალობა — როგორც აღვნიშნეთ, შაკიკის განკურნება შეუძლებელია, მაგრამ არსებობს სპეციფიკური პრეპარატები, რომლებიც ძლიერი ტკივილების გაყუჩებას უწყობს ხელს. ასევე, ხშირად გამოიყენება პროფილაქტიკური მედიკამენტები, რომლებიც შეტევების სიხშირეს ამცირებს.
რადგანაც შაკიკს ძლიერი ტკივილები ახასიათებს, მათ ჩახშობას ნებისმიერი გამაყუჩებელი ვერ ახერხებს. მაგალითად, ამ შემთხვევაში გამოგადგებათ ბენლეკი — მედიკამენტი, რომელიც წარმოადგენს სამი აქტიური ნივთიერების კომბინაციას: მეტამიზოლი, ვიტამინი B1 და კოფეინი. მეტამიზოლს აქვს სწრაფი და ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, წარმოადგენს აურით ან აურის გარეშე მიმდინარე შაკიკის თანმხლები თავის ტკივილისა თუ სხვა სიმპტომების (გულისრევა, მომატებული მგრძნობელობა სინათლისა და ხმაურის მიმართ) სამკურნალო ეფექტურ და უსაფრთხო საშუალებას. კოფეინს მასტიმულირებელი ეფექტი აქვს ნერვულ სისტემაზე; ავიწროებს სისხლძარღვებს და ამცირებს ინტრაცერებრალურ წნევას, რეკომენდებული დოზით ამცირებს თავის ტკივილს, აძლიერებს მეტამიზოლის მოქმედებას. ვიტამინი B1 კი სასარგებლო გავლენას ახდენს ნერვულ სისტემაში მიმდინარე ანთებით პროცესზე, ნერვული იმპულსების გამტარობაზე და აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, ნოციცეპციური და ნეიროპათიული ტკივილის დროს განაპირობებს ნერვული ქსოვილის რეგენერაციას, ამცირებს შაკიკისთვის დამახასიათებელი თავის ტკივილის სიხშირესა და სიმძიმეს, აძლიერებს მეტამიზოლის მოქმედებას.
კოგნიტიური ქცევითი თერაპია (CBT) — ეს შაკიკის მართვის ეფექტური მეთოდია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შაკიკი დაკავშირებულია სტრესთან, შფოთვასთან ან სხვა ფსიქოლოგიურ ფაქტორებთან. CBT ფოკუსირებულია აზროვნებისა და ქცევის ცვლილებაზე, რათა შეამციროს შაკიკის შეტევების სიხშირე თუ ინტენსივობა. კერძოდ, CBT ადამიანებს ეხმარება, ამოიცნონ ის ფაქტორები, რომლებიც შაკიკის შეტევებს იწვევს. ეს შეიძლება მოიცავდეს სტრესს, ძილის დარღვევებს, გარკვეულ საკვებს ან ემოციურ ტრიგერებს. შემდგომ კი უშუალოდ ამ ფაქტორების მოგვარების ეტაპი იწყება.