Blog Single

ტრიქომონიაზი, ეს არის პარაზიტული ინფექცია, რომელიც სქესობრივი გზით ვრცელდება და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე. დაავადება საკმაოდ გავრცელებულია მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, თუმცა მისი არსებობა ხშირად შეუმჩნებელი რჩება — განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სიმპტომები სუსტად ვლინდება ან სრულად უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

რა არის ტრიქომონიაზი?

უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ, ტრიქომონიაზი გამოწვეულია ერთუჯრედიანი პარაზიტით — Trichomonas vaginalis. ის ძირითადად აზიანებს საშოს, შარდსადენსა და ზოგჯერ შარდის ბუშტსაც. ეს პარაზიტი ეკუთვნის პროტოზოებს და აქვს წინწკლებიანი სტრუქტურა, რაც გადაადგილებასა თუ „მასპინძელ“ ქსოვილზე მოთავსებაში ეხმარება.

მართალია, ტრიქომონიაზი ძირითადად სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა, თუმცა მისი გავრცელების რამდენიმე ფორმა არსებობს:

  • ვაგინალური სქესობრივი კავშირი — ტრიქომონიაზის გადაცემა ყველაზე ხშირად ხდება ვაგინალური სქესობრივი კონტაქტისას, როდესაც ინფიცირებული პირის სეკრეტი გადადის პარტნიორის შარდ-სასქესო გზებში;
  • არაპირდაპირი გადაცემა — იშვიათად, მაგრამ შესაძლებელია ინფექციის გადაცემა დაბინძურებული ჰიგიენური ნივთებით (პირსახოცით, თეთრეულით), თუმცა Trichomonas vaginalis გარემოში დიდხანს ვერ ცოცხლობს; კერძოდ, ის სიცოცხლისუნარიანია მხოლოდ ადამიანის ორგანიზმში — მას სჭირდება თბილი, ტენიანი და ანაერობული გარემო;
  • დაბინძურებული წყალი ან სანიტარული პირობების უქონლობა — ტრიქომონიაზის შემთხვევები ზოგჯერ ფიქსირდება საზოგადოებრივ აუზებში ან დაბინძურებულ გარემოში;
  • დედიდან ბავშვზე გადაცემა — იშვიათად, მაგრამ შესაძლებელია, ინფექცია მშობიარობის დროს დედიდან ბავშვს გადაეცეს.

ამასთან, ტრიქომონიაზის რამდენიმე ფორმა არსებობს:

  • ვაგინალური ტრიქომონიაზი — ყველაზე გავრცელებული
  • ურეთრალური ტრიქომონიაზი — ხშირია მამაკაცებში
  • ორალური ფორმა — იშვიათია, მაგრამ შესაძლოა არსებული ინფექცია პირის ღრუს გზითაც გადაეცეს

ტრიქომონიაზის სიმპტომები ქალებში

ქალებში ტრიქომონიაზს ხშირად მკვეთრად გამოხატული სიმპტომები აქვს:

  • გამჭვირვალე, თეთრი, მომწვანო ან მოყვითალო, თევზის სუნის მქონე გამონადენი საშოდან;
  • უსიამოვნო სუნი
  • ქავილი და წვა საშოს არეში;
  • ტკივილი შარდვისას;
  • დისკომფორტი სქესობრივი კავშირის დროს.

ტრიქომონიაზის სიმპტომები მამაკაცებში

მამაკაცებში ინფექცია ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა ზოგჯერ ვლინდება:

  • გამონადენი სასქესო ორგანოდან;
  • ტკივილი შარდვისას;
  • ქავილი სასქესო ასოს თავზე
  • ზოგჯერ ტკივილი ან დისკომფორტი სათესლეების მიდამოში.

ტრიქომონიაზის სიმპტომები  ბავშვებში

ბავშვებში ტრიქომონიაზი შეიძლება დაბინძურებული საგნების ან წყლის მეშვეობით გავრცელდეს. მათი სიმპტომები კი შეიძლება მოიცავდეს:

  • გამონადენს;
  • ქავილს გენიტალიების არეში;
  • შარდვის გაძნელებას.

გაითვალისწინეთ, ბავშვების შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ექიმთან დროული ვიზიტი, რათა სხვა სერიოზული ინფექციები გამოირიცხოს.

როგორ ხდება ტრიქომონიაზის დიაგნოსტიკა?

საგულისხმოა, რომ ტრიქომონიაზის სიმპტომები ხშირად ჰგავს სხვა სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებს. ამიტომაც, ზუსტი ლაბორატორიული დიაგნოსტიკა ერთადერთი სანდო და აუცილებელი გზაა იმის დასადგენად, ხართ თუ არა Trichomonas vaginalis-ით ინფიცირებული.

უფრო დეტალურად, ტრიქომონიაზის დიაგნოსტიკა რამდენიმე სახის ტესტს ეფუძნება:

  1. ნაცხის მიკროსკოპიული გამოკვლევა:

ამ ანალიზის დროს პაციენტისგან ვაგინალურ ან ურეთრალურ ნაცხს იღებენ, შემდეგ კი ნიმუშს სინათლის მიკროსკოპით შეისწავლიან. სწორედ ასე ხდება პარაზიტის მოძრაობით იდენტიფიცირება. მართალია, ნაცხის მიკროსკოპული გამოკვლევა საკმაოდ სწრაფად ტარდება, მაგრამ ზოგჯერ ნაკლებად ზუსტია —  განსაკუთრებით მაშინ, როცა პარაზიტი ცოტაა ან აღარ მოძრაობს.

  1. PCR ტესტი 

ეს ტესტი ყველაზე ზუსტ და მგრძნობიარე მეთოდად მიიჩნევა. ის ვაგინალურ, ურეთრალურ ან შარდის ნიმუშზე ტარდება Trichomonas-ის დნმ-ის მასალის არსებობას ავლენს. მთელ პროცესს კი დაახლოებით 1-2 დღე სჭირდება საბოლოო პასუხის მისაღებად.

  1. ანტიგენ ტესტი

დიაგნოსტიკის ამ მეთოდის ჩატარებისას ორგანიზმში კონკრეტული ცილების (ანტიგენების) პოვნა ხდება. PCR-თან შედარებით, მისი სიზუსტე ოდნავ დაბალია.

  1. კულტივაცია 

ამ დროს ნაცხის ნიმუშს სპეციალურ გარემოში ათავსებენ და პარაზიტის ზრდის დინამიკას აკვირდებიან. ამგვარ ტესტირებას მაშინ მიმართავენ, როცა სხვა ტესტების პასუხები საეჭვოა. შედეგს დაახლოებით 5-7 დღის განმავლობაში ელოდებიან.

აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ზოგჯერ ამა თუ იმ პრობლემის მქონე ადამიანები ცდილობენ, კონკრეტულ სიმპტომებზე დაკვირვებით თვითდიაგნოსტიკის მეთოდს მიმართონ… ცხადია, ამას ბევრი რისკები ახლავს თან — პირველ რიგში, ხშირად ცუდ შედეგებამდე მივყავართ; შესაძლოა, მკურნალობის არასწორ გზებს მიმართოთ და ამან ან არ გააუმჯობესოს მდგომარეობა, ან დაუდგენელი სახეობის ინფექციამ გართულებული სახე მიიღოს.

ტრიქომონიაზის მკურნალობა

საბედნიეროდ, სწორი და დროული ჩარევით ტრიქომონიაზი სრულად იკურნება. დეტალურად რომ განვიხილოთ, მისი მკურნალობის ძირითადი პრინციპი ასეთია: პარაზიტი ორგანიზმიდან უნდა მოაცილონ და ხელახალი გავრცელების პრევენციაც ჩატარდეს. შესაბამისად, თერაპია ეფუძნება ანტიპროტოზოული პრეპარატების გამოყენებას, რომლებიც პირდაპირ ანადგურებს Trichomonas Vaginalis-ს

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ მკურნალობის კურსი ორივე სქესობრივმა პარტნიორმა ჩაიტაროს — თუნდაც რომელიმე მათგანს ტრიქომონიაზის სიმპტომები არ ჰქონდეს. თანაც, ხშირად ტრიქომონიაზი მამაკაცებში უსიმპტომოდ მიმდინარეობს, მაგრამ მაინც არიან დაავადების გადამტანები.

ამასთან, მკურნალობის პერიოდში რეკომენდებულია, დროებით თავი შეიკავოთ სქესობრივი კავშირისგან, რადგან ამან შეიძლება ხელი შეუშალოს სასურველი შედეგის მიღებას და მდგომარეობა მეტად გართულდეს. გარდა ამისა, ტრიქომონიაზის მკურნალობის დროს უნდა გაითვალისწინოთ თანმდევი სიმპტომების შემსუბუქება, ვაგინალური ფლორის აღდგენა თუ იმუნური სისტემის გაძლიერება. ხშირად ინიშნება დამხმარე საშუალებები, როგორებიცაა პრობიოტიკები ან ვაგინალური სანთლები.

ტრიქომონიაზის მკურნალობა ქალებში

ტრიქომონიაზი ანტიბიოტიკის საშუალებით მარტივად და სწრაფად იკურნება — თერაპიას დაახლოებით ერთი კვირა სჭირდება. კერძოდ, მისი მკურნალობისთვის ხშირად უშუალოდ ტრიქომონიაზის საწინააღმდეგო ანტიბიოტიკი — ტრიხოპოლი გამოიყენება. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით ეფექტურია ტრიქომონიაზის დროს, რადგან პირდაპირ მოქმედებს მის გამომწვევზე — Trichomonas Vaginalis-ზე. ის ანადგურებს პარაზიტის დნმ-ის სტრუქტურას და აჩერებს მის გამრავლებას, რის შედეგადაც პარაზიტი იღუპება. ტრიხოპოლი იწარმოება როგორც ტაბლეტების, ასევე საინფუზიო ხსნარისა და ვაგინალური სანთლების ფორმით. 

გაითვალისწინეთ, რომ ორსულობის დროს მკურნალობა უფრო ფრთხილად მიმდინარეობს. პირველ ტრიმესტრში, ზოგადად, თავს არიდებენ მეტრონიდაზოლის გამოყენებას, თუმცა მეორე და მესამე ტრიმესტრში მისი დანიშვნა დაშვებულია, ექიმის მკაცრი კონტროლის პირობებში. ბუნებრივია, ორსულებისთვის პრეპარატის ფორმა და დოზა შერჩეულია იმგვარად, რომ არ ავნოს არც დედას და არც ნაყოფს. თანაც, ორსულებისთვის ტრიქომონიაზის მკურნალობა აუცილებელია, რადგან მან შეიძლება გამოიწვიოს ნაადრევი მშობიარობა, ნაყოფის დაბალი წონა ან სხვა გართულებები.

კიდევ ერთი ეფექტური პრეპარატია პროვაგი — პერორალური პრობიოტიკი, რომელიც ვაგინალური მიკროფლორის ბალანსის აღსადგენად და შესანარჩუნებლად გამოიყენება. მისი უნიკალური ფორმულა ეფექტურად აწესრიგებს მიკროფლორას, ამცირებს დისკომფორტს და ქალის ორგანიზმის ზოგად სიჯანსაღესაც უწყობს ხელს. 

პროვაგი შეიცავს სპეციალურად შერჩეულ ლაქტობაცილების შტამებს, რომლებიც მდგრადია კუჭის მჟავე გარემოს მიმართ და ეფექტურად აღწევს ნაწლავებში. ხოლო ნაწლავებიდან ვაგინალურ მიკროფლორაში გადადის და მომენტალურად იწყებს ბალანსის აღდგენას. ამავდროულად, ხელს უშლის პათოგენური ბაქტერიებისა და სოკოების ზრდას. 

ტრიქომონიაზის მკურნალობა მამაკაცებში

მამაკაცებში მკურნალობის მთავარი პრინციპია პათოგენის სრული ელიმინაცია ორგანიზმიდან, რაც ანტიპროტოზოული პრეპარატების საშუალებით მიიღწევა. ძირითადად ინიშნება პერორალური მედიკამენტები, რომელთა მოქმედი ნივთიერებაა მეტრონიდაზოლი ან ტინიდაზოლი. მკურნალობა შესაძლოა ჩატარდეს ერთჯერადი მაღალი დოზით ან რამდენიმე დღის განმავლობაში — ეს დამოკიდებულია ექიმის რეკომენდაციაზე, ინფექციის სიმძიმესა და თანმდევი დაავადებების არსებობაზე.

ქსოვილში ღრმად შეღწეული ინფექციის შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს უფრო ხანგრძლივი მკურნალობა ან მკაცრად ინდივიდუალურად შერჩეული სქემა. იმ შემთხვევებში, როდესაც ტრიქომონიაზი იწვევს ურეთრიტს ან პროსტატიტს, შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი ანთების საწინააღმდეგო ან დამხმარე თერაპია.

მკურნალობის შემდეგ აუცილებელია განმეორებითი ტესტირება, რათა დადასტურდეს ინფექციის სრულად მოხსნა და არ დარჩეს რაიმე აქტიური ნიშნები ორგანიზმში.

რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ტრიქომონიაზს?

ქალებში ერთ-ერთ მთავარ გართულებას საშვილოსნოს ყელის ძლიერი ანთება წარმოადგენს. უმეტესწილად, ეს ანთება შეუმჩნევლად მიმდინარეობს, თუმცა მას საშვილოსნოს ყელის უჯრედების სტრუქტურის შეცვლა შეუძლია. რიგ შემთხვევებში კი, შეიძლება საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკიც გაზარდოს.

ხოლო მამაკაცებში გართულებები ნაკლებად შესამჩნევია, თუმცა შეიძლება განვითარდეს პროსტატიტი (პროსტატას ანთება) ან ეპიდიდიმიტი (სათესლე ჯირკვლის დანამატის ანთება), რაც საკმაოდ მტკივნეულია და რეპროდუქციულ უნარზეც მოქმედებს.

ტრიქომონიაზი ასევე ზრდის სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების, განსაკუთრებით შიდსის (HIV), გადაცემისა და მიღების რისკს. მიზეზი კი ასეთია: ანთებითი პროცესი ლორწოვან გარსზე ქმნის გარემოს, სადაც ვირუსებს უფრო მარტივად შეუძლიათ შეღწევა.

ამასთან, დაავადების ქრონიკულ ფორმაში გადასვლისას შესაძლოა განვითარდეს მუდმივი დისკომფორტი — ქავილი, წვა შარდვის დროს, უსიამოვნო სუნი და ტკივილი სქესობრივი კავშირისას. თავის მხრივ, ეს სიმპტომები ყოველდღიურ ცხოვრებაში დისკომფორტის მიზეზი ხდება და უარყოფითად აისახება როგორც ფიზიკურ, ისე მენტალურ კეთილდღეობაზე.

ამიტომაც, ტრიქომონიაზი არ უნდა ჩაითვალოს მსუბუქ და უმნიშვნელო ინფექციად. დროული დიაგნოსტიკა, მკურნალობა და პარალელურად პარტნიორის შემოწმება აუცილებელია გართულებების თავიდან ასაცილებლად. 


სხვა სტატიები