Blog Single

ქავილი, სიწითლე, შეშუპება... ერთი შეხედვით თითქოს ჩვეულებრივი კანის გაღიზიანებაა, მაგრამ ჭინჭრის ციება ბევრისთვის მუდმივ დისკომფორტის წყაროდ იქცევა. ეს დაავადება ზოგჯერ სრულიად მოულოდნელად ჩნდება, სწრაფად ვრცელდება და შეიძლება რამდენიმე საათში გაქრეს, ანდაც თვეების განმავლობაში გაგრძელდეს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ როგორ უნდა ამოვიცნოთ ჭინჭრის ციება, რა იწვევს მას და როგორია მართვის სწორი გზები.

მედიცინაში ჭინჭრის ციებას სხვაგვარად ურტიკარიას უწოდებენ და წარმოადგენს კანის ზედაპირზე წარმოქმნილ გამონაყარს, რომელსაც თან ახლავს ქავილი, წვის შეგრძნება და ზოგჯერ შეშუპება. ეს გამონაყარი ხშირად ცალკეულ ლაქებად ჩნდება, შემდეგ კი შეიძლება ერთმანეთს შეერწყას და სხეულის ფართო ნაწილებზე გავრცელდეს. მარტივად რომ ავხსნათ, სახელწოდება „ჭინჭრის ციება“ პირდაპირ უკავშირდება ვიზუალურ მსგავსებას ჭინჭრის დაწვისგან წარმოქმნილ კანის რეაქციასთან — წითელ და ამობურცულ ლაქებთან.

ამასთან,  ურტიკარია შეიძლება იყოს მწვავე (რომელიც რამდენიმე საათიდან მაქსიმუმ 6 კვირამდე გრძელდება) ან ქრონიკული (რომელიც პერიოდულად ან მუდმივად გრძელდება 6 კვირაზე მეტ ხანს).

ჭინჭრის ციების სიმპტომები

სიმპტომები შეიძლება ინდივიდუალურად განსხვავდებოდეს, თუმცა არსებობს რამდენიმე საერთო მახასიათებელი, რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება:

  • კანის წითელი ან თეთრი, ამობურცული ლაქები;
  • ძლიერი ქავილი;
  • წვის შეგრძნება გამონაყარის მიდამოებში;
  • შეშუპება, განსაკუთრებით სახეზე, ტუჩებსა და თვალების გარშემო;
  • სიმპტომების სწრაფი განვითარება და, ხშირ შემთხვევაში, სპონტანური გაქრობა.

ზოგჯერ სიმპტომებს თან ახლავს სისუსტე, თავბრუსხვევა, გულისრევა ან სუნთქვის გაძნელება — ეს უკვე ანაფილაქსიის ნიშნებია და საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო ჩარევას.

ჭინჭრის ციების გამომწვევი მიზეზები

ურტიკარია შეიძლება ბევრ გამომწვევ მიზეზს დავუკავშიროთ; ზოგჯერ რთულიც კია კონკრეტული მაპროვოცირებელის აღმოჩენა, მაგრამ აქ რამდენიმე ძირითად ფაქტორს გაგიზიარებთ:

  1. ალერგიული რეაქციები

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია ალერგენთან კონტაქტი. ეს შეიძლება იყოს:

  • საკვები პროდუქტები: თხილი, ზღვის პროდუქტები, კვერცხი, შოკოლადი, მარწყვი, რძე;
  • მედიკამენტები: ანტიბიოტიკები (პენიცილინი), ანალგინები, არასტეროიდული ტკივილგამაყუჩებლები;
  • მწერის ნაკბენი: ფუტკარი, კოღო, ბზიკი;
  • ცხოველების ბეწვი, მტვრის ტკიპები, ყვავილის მტვერი.
  1. ინფექციები

ვირუსული, ბაქტერიული ან პარაზიტული ინფექციები — განსაკუთრებით ბავშვებში — ხშირად იწვევს დროებით ჭინჭრის ციებას.

  1. ფიზიკური გამღიზიანებლები

ზოგიერთ ადამიანში ჭინჭრის ციებას იწვევს ფიზიკური ზემოქმედება, მათ შორის:

  • სიცივე ან სიცხე;
  • მზის სხივები;
  • წყალი (ცივი ან ცხელი შხაპის შემდეგ);
  • ძლიერი ზეწოლა ან ხახუნი კანზე (მაგ., ტანსაცმლით ან აქსესუარებით);
  • ფიზიკური დატვირთვა.
  1. სტრესი და ემოციური დაძაბულობა

ემოციური სტრესი ან ძლიერი ფსიქოლოგიური წნეხი ზოგჯერ ფსიქოგენურ ურტიკარიას იწვევს, განსაკუთრებით ქრონიკული ფორმის დროს.

  1. ჰორმონალური ცვლილებები

მენსტრუალური ციკლის, ორსულობის ან მენოპაუზის დროს ჰორმონალური ფონი იცვლება, რაც ზოგჯერ შეიძლება ალერგიული რეაქციის ფორმით გამოვლინდეს.

  1. ავტოიმუნური პროცესები

ქრონიკული ჭინჭრის ციების ზოგიერთი შემთხვევა დაკავშირებულია იმუნური სისტემის მოშლილ რეაქციასთან — როდესაც ორგანიზმი თავისივე უჯრედებს ესხმის თავს.

  1. უცნობი მიზეზები (იდიოპათიური ურტიკარია)

ჭინჭრის ციების ბევრ შემთხვევაში ზუსტი გამომწვევი ვერ დგინდება — ასეთ დროს მას „იდიოპათიური“ ეწოდება.

აქვე გასათვალისწინებელია, რომ ბავშვები მეტად არიან მიდრეკილნი ალერგიული რეაქციებისკენ, რაც მათი იმუნური სისტემის ჯერ კიდევ განვითარებად მდგომარეობას უკავშირდება. ამიტომაც, ხშირად ჭინჭრის ციება ბავშვებში ვითარდება ინფექციების შემდეგ ან ახალი საკვების მიღებისას. ამ შემთხვევაში კლასიკური სიმპტომებია:

  • კანის ზედაპირზე მკვეთრი ლაქები;
  • მოუსვენრობა ქავილის გამო;
  • ზოგჯერ ტემპერატურის მატება.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მშობლები ყურადღებით უნდა დააკვირდნენ საკვებს, მედიკამენტებსა თუ გარემო პირობებს, რომლებიც ალერგიულ რეაქციას იწვევს. ანტიჰისტამინური პრეპარატები კი მხოლოდ პედიატრის ან ალერგოლოგის მიერ უნდა დაინიშნოს.

როგორ ხდება ჭინჭრის ციების დიაგნოსტიკა? 

ურტიკარიის დიაგნოსტიკა, ძირითადად, ემყარება სიმპტომების შეფასებას, პაციენტის დეტალურ გამოკითხვასა და, საჭიროების შემთხვევაში, ლაბორატორიულ კვლევებს. რა თქმა უნდა, მთავარ მიზანს მიზეზის დადგენა და ალერგიული რეაქციის დადასტურება ან გამორიცხვა წარმოადგენს. 

ეტაპობრივად რომ წარმოვიდგინოთ, პროცესი ასე მიმდინარეობს:

  1. პაციენტის გამოკითხვა (ანამნეზი)

ექიმი ცდილობს, დაადგინოს:

  • როდის და როგორ დაიწყო სიმპტომები;
  • რამდენ ხანს გრძელდება გამონაყარი და ქავილი;
  • თავს იჩენს თუ არა გარკვეულ სიტუაციებში (მაგ., საკვების ან მედიკამენტების მიღების, სიცივის, ემოციური სტრესის შემდეგ);
  • პაციენტს აქვს თუ არა სხვა ალერგიული დაავადებები, ქრონიკული მდგომარეობები ან ახლახან გადატანილი ინფექცია;
  • იღებს თუ არა რაიმე წამალს ან დანამატს.
  1. ფიზიკური დათვალიერება

ექიმი აკვირდება გამონაყარის ფორმას, ლოკალიზაციას, რაოდენობასა და გამოხატულებას. მნიშვნელოვანია განსხვავება სხვა კანის დაავადებებისგან — მაგალითად, ეგზემის, დერმატიტის ან ფსორიაზისგან.

  1. ლაბორატორიული კვლევები (შერჩევითად)

თუ სიმპტომები ხშირად მეორდება ან ქრონიკული ხასიათი აქვს, შეიძლება დაინიშნოს დამატებითი ტესტები:

  • სისხლის საერთო ანალიზი — ლეიკოციტების რაოდენობა, ანთების ნიშნები;
  • ალერგიული ტესტები (კანის ტესტი ან სისხლში IgE ანტისხეულების დონის განსაზღვრა) — შესაძლო ალერგენებზე რეაქციის გამოსაკვლევად;
  • დერმატოგრაფიზმის ტესტი — ჭინჭრის ციების ერთ-ერთი ფორმის გამოსავლენად, როცა ქავილი და ლაქები კანზე მექანიკური ზემოქმედების შემდეგ ჩნდება;
  • ფიზიკური ტესტები — სიცივის, სითბოს, მზის სხივის ან მატერიასთან შეხების ზემოქმედებაზე ორგანიზმის რეაგირების შესაფასებლად;
  • ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ანალიზები — ქრონიკული ჭინჭრის ციებისას, როცა ეჭვი არსებობს ავტოიმუნურ პროცესზე.
  1. ელიმინაცია

შესაძლოა, ექიმმა ე. წ. გამორიცხვის მეთოდს მიმართოს — პაციენტს ურჩიოს, დროებით აირიდოს თავიდან სავარაუდო ალერგენები. თუ სიმპტომები უკვალოდ გაქრება, სავარაუდო მიზეზის იდენტიფიცირებაც მოხდება.

  1. დერმატოლოგისა და ალერგოლოგის კონსულტაცია

გართულებული ან ქრონიკული შემთხვევებისას მიზანშეწონილია სპეციალისტის ჩართვა — განსაკუთრებით მაშინ, თუ საჭიროა იმუნოლოგიური ან ენდოკრინული დაავადებების გამორიცხვა.

როგორ გავუმკლავდეთ ჭინჭრის ციებას?

ჩვეულებრივ, ჭინჭრის ციების მკურნალობა ფოკუსირებულია სიმპტომების შემსუბუქებაზე, გამომწვევის მიზეზის აღმოფხვრასა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე. უმეტეს შემთხვევაში, თუკი საქმე გვაქვს „ერთჯერად“ ფორმასთან, სიმპტომები რამდენიმე დღეში თავისით ქრება და მკურნალობა შეიძლება მხოლოდ შვება მომგვრელი ზომებით შემოიფარგლოს. ხოლო როცა მდგომარეობა ხშირად მეორდება ან კვირებისა თუ თვეების განმავლობაში გრძელდება, აუცილებელია ექიმის ჩართულობა და მკურნალობის მკაცრად გაწერილი გეგმის შედგენა.

მკურნალობის ძირითადი მიმართულება ჰისტამინის ბლოკირებაა. სწორედ ამ ნივთიერებას გამოიმუშავებს ორგანიზმი რეაქციის დროს და იწვევს სიწითლეს, ქავილს, შეშუპებას. ამ პროცესის შესაფერხებლად კი, გამოიყენება ანტიჰისტამინური პრეპარატები. თანამედროვე პრაქტიკაში უპირატესობას ანიჭებენ მეორე თაობის ანტიჰისტამინებს, რადგან მათ არ ახასიათებს ძილიანობა და სხვა არასასურველი ეფექტები; ამასთან, მოქმედებს სწრაფად და ხანგრძლივად. თუკი სიმპტომები განსაკუთრებით მწვავეა ან ღამით ძლიერ ქავილს იწვევს, შეიძლება გამოყენებულ იქნას პირველი თაობის პრეპარატიც, რომელიც ასევე ამშვიდებს ნერვულ სისტემას. 

ამავდროულად, უნდა გამოვყოთ კსივოზანი. ეს მესამე თაობის მაღალეფექტური ანტიჰისტამინური პრეპარატი ებრძვის ალერგიულ და ქრონიკულ რინიტს; ასევე, კანის ისეთ ალერგიულ დაავადებებს, როგორებიცაა: მწვავე და ქრონიკული ურტიკარია, ატოპიური დერმატიტი, ეგზემა, ნებისმიერი გენეზის გამონაყარი კანზე და კანის ქავილი, მზის ალერგია, მწერის ნაკბენი, ვაქცინაციის დროს კანისმიერი ალერგიული რეაქცია. ამასთან, ეფექტური დამხმარეა კონიუქტივიტის დროს.

კსივოზანის მოქმედების მექანიზმი ეფუძნება ჰისტამინის რეცეპტორების ბლოკირებას, რაც ამცირებს ალერგიულ სიმპტომებს და ამსუბუქებს ანთებით პროცესებს. თანაც, ნაკლები გვერდითი ეფექტები ახასიათებს და ორგანიზმში მოხვედრიდან მალევე (დაახლოებით 1 საათში) იწყებს მოქმედებას. ანტიჰისტამინური გავლენა კი დიდხანს ნარჩუნდება. რაც მთავარია, არ იწვევს ძილიანობას და არ ახასიათებს მიჩვევა; შესაბამისად, შესაძლებელია მისი ხანგრძლივი ვადით გამოყენება.

აქვე უნდა ვახსენოთ შემთხვევები, როდესაც სტანდარტული ანტიჰისტამინური მკურნალობა არ არის საკმარისი და ჭინჭრის ციება რთულ, ზოგჯერ სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ ფორმებს იღებს. ასეთ დროს შეიძლება საჭირო გახდეს ჰორმონული მკურნალობა — კორტიკოსტეროიდების მოკლევადიანი კურსი. ამ პრეპარატებს ძლიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება ახასიათებს და შედარებით სწრაფად ამცირებს სიმპტომებს, თუმცა მათი ხანგრძლივად მიღება არ არის რეკომენდებული. რა თქმა უნდა, მკურნალობის ასეთ ეტაპზე აუცილებელია ექიმის მეთვალყურეობა და სისტემური ანალიზები.

რაც შეეხება ქრონიკულ ჭინჭრის ციებას, რომელიც შეიძლება თვეების ან წლების განმავლობაშიც კი გაგრძელდეს, მისი მართვა უკვე უფრო კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს. ასეთ შემთხვევებში, როდესაც სხვა მეთოდები შედეგს ვერ იძლევა, მედიცინა მიმართავს ბიოლოგიური თერაპიის გზას. ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური პრეპარატია ომალიზუმაბი — წამალი, რომელიც მოქმედებს იმუნურ სისტემაზე და ასუსტებს ორგანიზმის გადაჭარბებულ ალერგიულ რეაგირებას. მას იყენებენ მკაცრად განსაზღვრული სქემით და მხოლოდ იმ პაციენტებში, ვისთვისაც სხვა გზებმა ეფექტი ვერ გამოიღო.

საგულისხმოა, რომ ჭინჭრის ციების მკურნალობა მხოლოდ მედიკამენტებით არ შემოიფარგლება. ძალიან მნიშვნელოვანი რგოლია ცხოვრების წესის კორექცია. პირველ რიგში, აუცილებელია საეჭვო გამომწვევი ფაქტორების ამოცნობა და მათი თავიდან აცილება. ამისთვის პაციენტს ხშირად ურჩევენ კვების დღიურის წარმოებას, რათა ზუსტად დააფიქსიროს რომელი საკვების მიღების შემდეგ უჩნდება სიმპტომები. 

კანის მოვლის თვალსაზრისით რეკომენდებულია რბილი, ჰიპოალერგენული ჰიგიენური საშუალებების გამოყენება, ასევე მჭიდრო ან სინთეტიკური ტანსაცმლის თავიდან აცილება. სიმპტომების დროს სასარგებლოა ცივი კომპრესების დადება დაზიანებულ უბნებზე ან დამამშვიდებელი კრემების გამოყენება, რომლებიც ბუნებრივ ექსტრაქტებს შეიცავს— მაგალითად, ალოე ვერა, გვირილა ან კალენდულა. ეს ბუნებრივი საშუალებები ხელს უწყობს ქავილის შემცირებას და კანის დასაწყნარებლად ძალიან ეფექტიანია.

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ფსიქოემოციურ მდგომარეობასაც. არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ ქრონიკულ ჭინჭრის ციებას ხშირად თან ახლავს სტრესი ან შფოთვა, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს გამწვავებას. ამ კუთხით შეიძლება შედეგიანი იყოს რელაქსაციის ტექნიკები, სუნთქვითი ვარჯიშები, მედიტაცია და ზოგადად მშვიდი ცხოვრების რიტმის დაცვა.

და ბოლოს, რაც არ უნდა მარტივად გამოიყურებოდეს ჭინჭრის ციება, უყურადღებობა დაუშვებელია. მკურნალობა უნდა დაიწყოს დროულად, სისტემურად და პროფესიონალური მიდგომით. თუკი ყველაფერი სწორად განისაზღვრა — იქნება ეს წამალი, კვება, გარემო პირობების შეცვლა თუ სტრესის მართვა — ჭინჭრის ციება მართვადი და ნაკლებად შემაწუხებელი იქნება.


სხვა სტატიები